Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ წარმომადგენლებს მიესალმა და ერთიანი კავკასიის კონტექსტში კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ვალდებული ვართ კავკასიელი ხალხების თანაარსებობით დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს. მათი  ისტორიისა და კულტურის მეცნიერული შესწავლით, თსუ ყოველთვის ხელს უწყობდა ამ ხალხების თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებას. ამ საქმეს საფუძველი ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა და, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღემდე გრძელდება. სწორედ ამიტომ გახდა ჩვენი უნივერსიტეტი კავკასიის სამეცნიერო შეკრების ადგილი, “- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მეათედ იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ორდღიან კონფერენციაზე საუბარი შეეხება ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია; ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია; ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია; კულტურა და ხელოვნება; ინტერდისციპლინური კვლევები; მედია და მასობრივი კომუნიკაცია. მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი,  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  გიორგი ალიბეგაშვილი,  მეცნიერები საქართველოდან, დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

თარიღი: 13/11/2024